ყვავილების დედოფალი

14 February, 2020

ყვავილების დედოფალი

არც ერთი ყვავილი არ არის ისეთი ცნობილი, როგორც ვარდი. ის დღესაც სიყვარულის, ერთგულების და ქალურობის სიმბოლოა

მრავალფეროვანი ფერებით, ელეგანტური ფორმებით და გამორჩეული სურნელით, ყვავილების დედოფალი იპყრობს და აღაფრთოვანებს ყველას, ვინც მას შეხვდება. მასზე წერდა შექსპირი, კლეოპატრა მის ზეთს აპკურებდა გემებს, ხოლო მერლინ მონრო, პრინცესა დიანა და გრეის კელი ამ სურნელის სუნამოს ატარებდნენ. ვარდის არომატი გამოხატავს ამ ყვავილის აურას და ბრწყინვალებას, მის რომანტიკულ მეოცნებე ბუნებასთან ერთად.

ვარდის რამდენიმე ათასი სახეობა არსებობს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმესგანაა შესაძლებელი არომატის მიღება. ორი ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელთაც პარფიუმერიაში იყენებენ, არის Rosa Damascena და Rosa Centifolia. ეს სახეობები წელიწადში მხოლოდ ერთხელ ყვავის და სამი წელია საჭირო იმისთვის, რომ მცენარე გაიზარდოს და მისგან მოსავალი მიიღონ. ყვავილის ვარდისფერი ფურცლები იკრიფება დილის 8 საათამდე, მაისიდან ივნისის შუამდე. ყვავილისგან შესაძლებელია ეთერზეთის (ოტო) მიღება ორთქლის დისტილაციის მეთოდით, ან აბსოლუტის მიღება, გამხსნელის გამოყენებით, ეს სურნელის ჰარმონია წარმოდგენლია დამატებით ნოტებთან ერთად, ჰიდროსოლთან (ორთქლით დისტილაციისას მიღებული პროდუქტი) ერთად, ან ვარდის წყლის სახით, რომელიც ფართოდ იყიდება. ეს მრავალფეროვანი სურნელის ნოტია, რომელშიც დევს სურნელის სული და რომლისკენაც მუდამ მიილტვიან მისი ელეგანტური თბილი ხასიათის გამო. 4500 კგ ყვავილია საჭირო იმისთვის, რომ მივიღოთ ნახევარი კილოგრამი ვარდის ზეთი, ამიტომ ის იშვიათი და ძვირადღირებული არომატია.

ღვინის მსგავსად, ვარდის ზეთის ფერი და სურნელი დამოკიდებულია მიწასა და რეგიონზე. არომატის აღქმის დიაპაზონი იცვლება მსუბუქი და მკაფიო სურნელიდან ბლანტ სურნელამდე, ტკბილი და მძაფრი სურნელიდან მწვანე და ნოტიო ან გაჯერებულ და მდიდარ სურნელამდე. მაროკოული Rose Damascena გამოირჩევა უფრო მუქი ყავისფერი ფერით და უფრო გაჯერებული ბალახისებური ასპექტით, ხოლო თურქული Rosa Damascena ცნობილია კლასიკური ყვავილოვანი მწვანე სურნელით და მუქი ვარდისფერი ფერით. ბულგარეთის ვარდის მინდვრები იდეალური კლიმატის და ქარების გამო ნამდვილი საგანძურია, თუმცა ვარდი მოიპოვება სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის თურქეთში, მაროკოში, ინდოეთში, რუსეთში, მოლდოვაში, ეგვიპტესა და საფრანგეთში.

აღსანიშნავია, რომ ვარდის უძველესი ნამარხი აშშ-ში, კოლორადოშია აღმოჩენილი და ის 55 მილიონი წლისაა. რაც იმის დასტურია, რომ ეს გამორჩეული ყვავილი დედამიწის მცხოვრებთ უკვე ძალიან დიდი ხანია აჯადოებს. ვარდის ენერგიასთან ზიარება უზომოდ ძლიერი გრძნობაა, რადგან მას შეუძლია დროსა და სივრცეში გავრცელება. როგორც ჩანს, ვარდის ბუნება იმ ღირებულებების მატარებელია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თავად ცხოვრებაში. ესაა სიყვარული და სილამაზე. სილამაზის აღქმა გვამოძრავებს, სიყვარული კი გარდაგვქმნის. თანაგრძნობას შეუძლია ჩვენი სამყაროსადმი დამოკიდებულების შეცვლა, სიკეთეს შეუძლია დაგვაკავშიროს სხვებთან და რაც უფრო გავუხსნით გულს სიყვარულს, უფრო ვრცელი იქნება იგი.

Paragraph